უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ადვოკატი ამბობს, რომ მის კლიენტს მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობენ, სავარაუდოდ ხერხემალზე და მუხლზე მიღებული ტრავმების გამო. ადვოკატ ალექსანდრ გოროშინსკის თქმით, მას იანუკოვიჩის თანაშემწემ 16 ნოემბერს შეატყობინა იანუკოვიჩის საავადმყოფოში მოხვედრის შესახებ.
"საავადმყოფოში მივედი და მას ვესაუბრე" - თქვა გოროშინსკიმ და დასძინა: "ზუსტ დიაგნოზს ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი თვალით ვნახე, რომ ის ვერ მოძრაობს". მანამდე, 18 ნოემბერს, გაზეთი "კომსომოლსკაია პრავდა" იუწყებოდა, რომ იანუკოვიჩი მოსკოვის კლინიკაში მკურნალობდა და, წყაროების ცნობით, მან ტრავმები ჩოგბურთის თამაშის დროს მიიღო.
გოროშინსკი ერთ-ერთია იმ ორი ადვოკატიდან, რომლებიც იანუკოვიჩს დაუსწრებლად წარმოადგენდნენ კიევში გამართულ სასამართლოზე. პროკურორები იანუკოვიჩისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ, სამშობლოს ღალატის, უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დამაზიანებელი ნაბიჯების განზრახ გადადგმის და რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად მოქმედების ბრალდებების საფუძველზე. იანუკოვიჩს კიევის სასამართლოზე საბოლოო სიტყვა 19 ნოემბერს უნდა ეთქვა.