აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ ხაშოგის მკვლელობა შეუკვეთა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ

აშშ-ის დაზვერვის მუშაკები თვლიან, რომ თურქეთში გასულ თვეში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა განხორციელდა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, მუჰამად ბინ სალმანის ბრძანების საფუძველზე. საუდის არაბეთმა უარყო ეს განცხადება, რომელიც პირველად ვაშინგტონ პოსტმა გაავრცელა 17 ნოემბერს, გვიან საღამოს და შემდეგ დაადასტურეს სხვა მედიასაშუალებებმაც, ასოშიეიტედ პრესის და როიტერსის ჩათვლით.

ეს აშშ-ის მხრიდან ჯერჯერობით ყველაზე მკაფიო შეფასებაა, რომელიც საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველს პირდაპირ აკავშირებს მკვლელობასთან. ამ ინფორმაციამ შესაძლოა გააძლიეროს კონგრესის ძალისხმევა მკვლელობისთვის კიდევ უფრო მეტად დაისაჯოს აშშ-ის ახლო მოკავშირე ეს ქვეყანა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს 17 ნოემბერს უთხრა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მას მოგვიანებით მიაწვდიდა ინფორმაციას. "CIA დღეს მოგვიანებით მომაწოდებს ცნობებს" - განაცხადა მან კალიფორნიისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდომისას და დასძინა: "მოცემულ მომენტში გვეუბნებიან, რომ [ტახტის მემკვიდრეს] არ ჰქონია ამაში როლი. გავიგებთ რა აქვთ ახლა სათქმელი". ტრამპმა ასევე აღნიშნა, საუდის არაბეთის სახით "დიდი მოკავშირე" გვყავსო - "ისინი გვაძლევენ ბევრ სამუშაო ადგილს, ბევრ ბიზნესს და ეკონომიკურ განვითარებას".

გამოძიებაში ჩახედულ პირებზე დაყრდნობით ვაშინგტონ პოსტი იუწყებოდა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ეს დასკვნა ნაწილობრივ ეფუძნება სატელეფონო საუბარს, რომელიც ტახტის მემკვიდრის ძმამ, პრინც ხალედ ბილ სალმანმა - საუდის არაბეთის ელჩმა აშშ-ში - ხაშოგისთან გამართა. თავად ელჩმა 17 ნოემბერს ტვიტერის მეშვეობით უარყო ის, რომ ამგვარი ზარი განახორციელა.

საუდის არაბეთის მთავრობის კრიტიკოსი და ვაშინგტონ პოსტში საავტორო სვეტის ავტორი, ხაშოგი, 2 ოქტომბერს მოკლეს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში. საუდის არაბეთის სახალხო პროკურორმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებული 11 პირიდან ხუთისთვის სიკვდილით დასჯის შეფარდებას მოითხოვს. პროკურორმა, შალაან ალ-შალაანმა ჟურნალისტებს უთხრა, ტახტის მემკვიდრემ არაფერი იცოდა ამ ოპერაციაზეო - რომლის დროსაც ხაშოგის გვამი დაანაწევრეს, საკონსულოდან გაიტანეს და ადგილობრივ "თანამშრომელს" გადასცეს.

ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ კვირაში სანქციები დაუწესა საუდის არაბეთის 17 ოფიციალურ პირს მკვლელობაში სავარაუდო მონაწილეობისთვის, თუმცა აშშ-ის კანონმდებლები გამოდიან უფრო მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნით, საუდის არაბეთთან იარაღით ვაჭრობის შეზღუდვის ჩათვლით.