სასამართლომ მირზა სუბელიანის საქმის განხილვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადო

მირზა სუბელიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 დეკემბრამდე გადაიდო ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული მირზა სუბელიანსი საქმის განხილვა. მოსამართლის, ლელა ნოზაძის განცხადებით, დღეს მიიღეს მირზა სუბელიანის წერილი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს სხდომაზე დასწრებას და ითხოვს გადადებას, რადგან საქმის განხილვაში მონაწილეობა სურს. მოსამართლის ინფორმაციით, წერილს თან ერთვის ექიმის ცნობა, რომ მირზა სუბელიანის ბადრაგირება და პროცესზე დასწრება არ არის რეკომენდებული.

მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ სასამართლო სხდომაზე შეიტყვეს მისმა ადვოკატებმა. „მოგეხსენებათ ცნობილი ფარული აუდიოჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შემდეგ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, იგი ჩართულია სუიციდის პრევენციის პროგრამაში, მკურნალობის კურსს გადის და ნელ-ნელა უმჯობესდება მისი მდგომარეობა, თუმცა დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ნათქვამია სამედიცინო ცნობაში, რომელიც განცხადებასთან ერთად იქნა წარმოდგენილი. მერვე დაწესებულების ექიმი აკეთებს ასეთ ჩანაწერს, რომ შეუძლებელია მირზა სუბელიანის ბადრაგირება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თუმცა კონკრეტული მიზეზი დასახელებული არ არის“-განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული სხდომის გადადების შემდეგ ადვოკატმა ინგა ჩალაურმა. ადვოკატები მირზა სუბელიანის მონახულებას უახლოეს მომავალში აპირებენ.

სხდომაზე დღეს, 15 ნოემბერს, დაცვის მხარის შესავალი სიტყვის წარმოთქმა იგეგმებოდა.