არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. თარიღი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამებისა და განკარგულების გამოცემის შემდეგ გამოაცხადა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შემდეგ, არჩევნების მეორე ტური მე-14 დღეს უნდა გაიმართოს. შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების ბოლო ვადა ცესკოს 17 ნოემბრამდე ჰქონდა.

28 ნოემბერი ოთხშაბათია, თუმცა საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება. მიუხედავად, ამისა, არჩევნების მეორე ტურის არა შაბათ-კვირას დანიშვნა პრობლემად მიაჩნია ოპოზიციას. როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგო რატიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, შესაძლებელია, რომ კერძო სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, მაგალითად, დედაქალაქიდან ჩავიდნენ თავიანთ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში. ასევე, არჩევნების დღე უქმე დღედ არ გამოცხადდება საზღვარგარეთ და იქ მცხოვრებ დასაქმებულ ადამიანებს გაუჭირდებათ არჩევნებზე მისვლა.