ევროპარლამენტი იმსჯელებს საქართველოს მიერ ასოცირების შეთნხმების შესრულებაზე

დღეს ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხს. მოხსენება მომზადებულია ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის მიერ. დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც პოლიტიკურ დიალოგს ეხება, ევროკავშირი ადასტურებს, რომ საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მისი პოზიცია ემთხვევა ვენეციის კომისიის ზოგად დადებით შეფასებას, თუმცა, წუხილს იწვევს არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების გადავადება 2024 წლამდე. ევროკავშირი მზად არის დააკვირდეს მომავალ არჩევნებს და კვლავ აღნიშნავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისგან, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ინციდენტების გამოძიებისკენ. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტების განმტკიცებას და აუცილებლად მიიჩნევს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას.

ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, მისი დარღვევის ოპერატიულად აღსაკვეთად საქართველოს მიერ მიღებულ ზომებს და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, საქართველო აღიარონ უსაფრთხო ქვეყნად. დოკუმენტის ამავე ნაწილში მხარდაჭერილია საქართველოს პოლიტიკა, რომელიც მიმართულია კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ, საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ ჟენევის დისკუსიებში კონსტრუქციული მონაწილეობა და ძალისხმევა, რომელიც მიმართულია რუსეთთან დიალოგისკენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 10 წელია რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, და კვლავ გამოხატულია უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მოხსენებაში საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა წინააღმდეგ იძულების ზომების გამოყენების შესახებ და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ და ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა ჰქონდეს თანმიმდევრული, შეთანხმებული, ერთიანი დ მტკიცე პოზიცია რუსეთის ოკუპაციის და ანექსიის პოლიტიკის წინააღმდეგ.

მოხსენების იმ ნაწილში, რომელიც ეხება კანონის უზენაესობას და კარგ მმართველობას, ნათქვამია, რომ საქართველოში შედეგიანია დაბალ და საშუალო დონეებზე კორუფციასთან ბრძოლა, თუმცა სერიოზულ პრობლემად რჩება ელიტური კორუფცია. საქართველოს მოუწოდებენ, შექმნას პოლიტიკური გავლენებისა და ჩარევისგან თავისუფალი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. ნათქვამია ისიც, რომ კორუფციასთან საბრძოლველად აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. საქართველოს მოუწოდებენ შექმნას პროკურატურისგან დამოუკიდებელი ეფექტური სტრუქტურაც, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

მოხსენების ამ ნაწილში ღრმა შეშფოთებაა გამოთქმული თურქეთის ზეწოლაზე საქარველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე. მათ შორის ფეტულა გიულენთან სავარაუდო კავშირის კონტექსტში მოხსენიებულია შავი ზღვის უნივერსიტეტი. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ყველა ასეთი საქმე განიხილოს ევროპული პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად.

დოკუმენტში საუბარია სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმასა და მეტი გამჭვირვალობის და მიუკერძოებლობის ნიშნებზე, თუმცა ხაზგასმულია ვენეციის კომისიის შეშფოთება საკანონმდებლო ცვლილებებისადმი, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ საპროკურორო საბჭოს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. საუბარია სასამართლოს და პროკურატურის სრული დამოუკიდებლობის და სამართალდამცავ სტრუქტურებზე დემოკრატიული კონტროლის და ფუნდამენტური რეფორმების აუცილებლობაზე. შეშფოთებაა გამოთქმული იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ არ მიიღო ახალი კანონი საჯარო ინფორმაციაზე წვდომის გასაუმჯობესებლად და შეახსენებს ამ მხრივ აღებულ ვალდებულებას. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გააგრძელოს რეფორმები სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში. საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად განიხილოს საკანონმდებლო პაკეტი ნარკოპოლიტიკის რეფორმირების მიზნით.

მოხსენების იმ ნაწილში, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს, შეშფოთებაა გამოთქმული იმის გამო, რომ არ არსებობს პროგრესი თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების გამოძიების პროცესში, რამაც გამოავლინა ბევრი ხარვეზი უსაფრთხოების სამსახურების ფუნქციონირების მხრივ. საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უფლებადამცველების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.

საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას შემდგომი ნაბიჯები შრომის კოდექსის შესაცვლელად, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დასაცავად და სიძულვილსა და დისკრიმიანციასთან საბრძოლველად, მათ შორის ლგბტ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, შიდსით დაავადებულების, ბოშების და სხვა უმცირესობების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გადადგას შემდგომი ნაბიჯები ძალადობისგან ქალების დასაცავად და გააძლიეროს ძალისხმევა ბავშვების დასაცავად.

საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებენ მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და პლურალიზმის მნიშვნელობასაც. მოხსენების ამ ნაწილში საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე.