სამაუწყებლო კომპანია „ბიბისის“ მიერ ჩატრებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ რუსეთის ხელისუფლებამ და მედიამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს თბილისში მდებარე, აშშ-ის მიერ დაფინანსებული ლაბორატორიის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა და კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილმა მედიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ცნობა, თითქოს საქართველოში რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ცდების ჩატარებას.
მათი ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებული საქართველოს უშიშორების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე. კრემლის მიერ მართულ საინფორმაციო საშუალებებისთვის სექტემბერში მიცემულ ინტერვიუში გიორგაძემ ადამიანებზე ცდების ჩატარებასა და ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულა ლუგარის ლაბორატორია, რომელიც, გიორგაძის განცხადებით, საფრთხეს უქმნის რეგიონს და მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ.
მალე აშშ-მა რუსეთი დაადანაშაულა იმაში, რომ დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს ყურადღების გადატანას ისეთი ინციდენტებისაგან, როგორიც იყო ქალაქ სოლსბერიში მამა-შვილ სკრიპალების მოწამვლა სავარაუდოდ საბრძოლო დანიშნულების ქიმიური ნივთიერებით. ჟურნალისტ სტივ როზენბერგის მიერ მომზადებული 11-წუთიანი საგამოძიებო ფილმი ცხადყოფს, რომ რუსული პროპაგანდის მტკიცება არის დეზინფორმაცია.
ჟურნალისტი იმყოფებოდა ლუგარის ლაბორატორიაში, ჩაწერა ინტერვიუები როგორც თბილისში, ისე მოსკოვში, მათ შორის იგორ გიორგაძესთან. ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს უბრალოდ დეზინფორმაცია, იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ „არ იცის“.