გიორგი გახარია: „ჩვენ ვხედავთ საჭიროზე მეტ კარავს“

გიორგი გახარია

„დავინახეთ რა ესკალაციის მზარდი საფრთხე და დესტაბილიზაციის რისკი, ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის წინ 10 ნოემბერს განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.

10 ნოემბერს პოლიციამ არ მისცა საშუალება ზაზა სარალიძესა და საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებს პარლამენტის წინ დაედგათ კარავი.

გახარიას თქმით, პოლიციას ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ და აქედან გამომდინარე იმოქმედეს მოქალაქეების უსაფრთხოების შესაბამისად.

„მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეს პარლამენტის წინ ჩვენ ვხედავთ საჭიროზე უფრო მეტ კარავს. პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე, ის გააგრძელებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გავაძლიერებთ შესაბამის დანაყოფებს. მოგეხსენებათ ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ და აქედან გამომდინარე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პირობებშიც პოლიცია სრულად შეასრულებს თავის ფუნქციას - უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, პირველ რიგში აქციის მონაწილეების“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს 16 კარავი აქვთ გაშილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ადამიანის ტკივილის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა სახის ინტერესისთვის თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა.