სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ და პოლიტიკურ მოძრაობა „გირჩი“ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ძალების მიერ ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის გავლების ფაქტი ერთად გააპროტესტეს. იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ახალი ძელები დაამონტაჟეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ მობილიზებულნი. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, პოლიცია გარკვეულ პერიმეტრს იცავდა იმისთვის, რათა პროვოკაციები თავიდან აერიდებინა და ახალგაზრდები, მათივე უსაფრთხოების მიზნით, ღობესთან არ მიეშვა. აქციას უკანონო ბორდერიზაციის წინააღმდეგ პერფორმანსის სახე ჰქონდა. „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ და აქტივისტებმა სოფელ ატოცში გავლებულ საოკუპაციო ხაზთან შარვლები ჩაიხადეს. საოკუპაციო ხაზთან აჟღერდა საქართველოს ჰიმნიც. აქციას დეფაქტო საზღვრის მიღმა თვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებიც ადევნებდნენ.