ნევადის შტატში წარმომადგენელთა პალატის წევრად გარდაცვლილი კანდიდატი აირჩიეს

ამერიკის ნევადის შტატის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში 36-ე ოლქიდან გაიმარჯვა რესპუბლიკელმა დენის ჰოფმა, რომელიც კენჭისყრამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 6 ნოემბრის არჩევნებში დენის ჰოფმა ხმების 68%-ით დაამარცხა დემოკრატების კანდიდატი, პედაგოგი ლესია რომანოვი.

სტრიპტიზ-კლუბების და საროსკიპოების მფლობელის, 72 წლის დენის ჰოფის ცხედარი 16 ოქტომბერს აღმოაჩინეს. ამ დროისთვის საარჩევნო ბიულეტენები უკვე დაბეჭდილი იყო და ნევადის შტატის ხელისუფლებამ ჰოფის გვარი ბიულეტენში დატოვა. წელს ივნისში, Reuters-თან ინტერვიუში დენის ჰოფი საკუთარ თავს ადარებდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ჰოფის ნაცვლად ნევადის შტატის წარმომადგენელთა პალატაში ადგილს დაიკავებს რესპუბლიკური პარტიის მიერ შერჩეული სხვა კანდიდატი.