აშშ-ში კონგრესში პირველად აირჩიეს მუსლიმი ქალები

ილჰენ ომარი

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგად, წარმომადგენელთა პალატის წევრებად პირველად აირჩიეს მუსლიმი ქალები. სომალიდან დევნილმა ილჰენ ომარმა მინესოტის შტატში გაიმარჯვა, პალესტინელი იმიგრანტების შთამომავალმა რაშიდა ტლაიბმა კი მიჩიგანში. ორივე მათგანი დემოკრატიული პარტიის წევრია. პირველად წარმომადგენელთა პალატის ისტორიაში, აფროამერიკელი ქალები, აიანა პრესლი და ჯეჰანა ჰეისი აირჩიეს მასაჩუსეტსის და კონექტიკუტის შტატებმა. ისინიც დემოკრატიული პარტიის წევრები არიან.

6 ნოემბრის კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან სულ არჩეულია მინიმუმ 90 ქალი. წინა მოწვევის წარმომადგენელთა პალატაში ქალებს 84 მანდატი ჰქონდათ. კონგრესის ქვედა პალატას სულ 435 წევრი ჰყავს.