ბიძინა ივანიშვილმა მომხრეებს და გულგატეხილებს მიმართა

ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა საქართველოს მოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვა. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მიმართვა გადაწყვიტა გამომდინარე იმ პასუხისმგებლობიდან, რომელიც ხალხის წინაშე აკისრია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მათ, ვისაც ბევრი პრობლემის მიუხედავად სჯერა „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული გზის.

„მაგრამ დღეს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია. მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი. მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების. მესმის, რომ უკმაყოფილოები ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა. მესმის, რომ უკმაყოფილოები ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე ხალხზე ზრუნვაზე მეტად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს. უკმაყოფილოები ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა. ბევრი თქვენთაგანი გაბრაზებულია, რადგან დასაშვები გავხადეთ მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე. დღეს არ ვაპირებ ვისაუბრო არც იმ 9 წლიან რეჟიმზე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა უფლება, ყველა ღირსება და ეს ბევრმა თქვენთაგანმა საკუთარ თავზე და ოჯახზე იწვნია. და არც ჩვენს მიღწევებზე“ - აცხადებს ივანიშვილი. მისი შეფასებით, „დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამშობლო ისევ ისტორიულ გზაგასაყართან დგას - არსებობს მცდარი გადაწყვეტილების მიღების მაღალი რისკი, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის ახალი შესაძლებლობების, განახლების საუკეთესო მომენტი.“

Your browser doesn’t support HTML5

ბიძინა ივანიშვილი: სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებითვე, პოლიტიკაში რამდენიმე თვის წინ მოუწია დაბრუნება, რადგან დაინახა პრობლემების გაღრმავება და ის, რომ არ არსებობდა მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი. თუმცა, ივანიშვილის თქმით, აღმოჩნდა, რომ ხალხი კიდევ უფრო ღრმად და ნათლად ხედავდა ამ პრობლემებს.

„დღეს არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. თუმცა ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს! ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია. დღეს ჩვენს პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით“ - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ბიძინა ივანიშვილის თქმით, როცა ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას.

„ახლა მინდა ვთქვა ყველას გასაგონად: ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის. არავინ იფიქროს, რომ პარტიას რაიმე თავისთავადი ღირებულება გააჩნია. იგი არის საშუალება, რომლითაც უნდა მივაღწიოთ უზენაეს მიზანს - ხალხის უკეთეს მომავალს. ამიტომაც, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მუშაობს, თუ მისმა რომელიმე შტომ ხალხის მსახურებაში არ ივარგა, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ. მაგრამ არ შეიძლება მივცეთ საშუალება ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის. ამ შეცდომებს სწორი დანახვა და კრიტიკა უნდა. ოპონენტები კი, სრული სიმძლავრით ჩართული სიცრუის მანქანით ცდილობენ ყველაფრის გადახაზვას. მათ შეცდომების გასწორება არ სურთ! მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ნებისმიერ ფასად! ოპონენტები მხოლოდ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას ატარებენ. ხალხს ურცხვად პირდებიან იმას, რაც საპარლამენტო წყობაში საპრეზიდენტო უფლებამოსილებას სრულად ცდება და, ამავე დროს, ღიად გვიანონსებენ ადამიანის წამებასა და ჩაგვრაში ბრალდებულების გათავისუფლებას, რაც საზოგადოების შეურაცხყოფის გარდა, პირდაპირ დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია. 2012 წელს ჩვენ მოვიშორეთ ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი. გავიარეთ ურთულესი პერიოდი და თან ვცდილობდით, ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებზე გადაგვეყვანა. ამ გზაზე ბევრ მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიეთ: სახელმწიფო რეკეტისგან გათავისუფლდა ბიზნესი, თავისუფალია მედია, განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური პროგრამა, ურთულეს ეკონომიკურ გარემოში მოვიპოვეთ რეგიონალური ლიდერობა და მრავალი სხვა. საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები სულ უფრო რეალურ პერსპექტივაში განიხილავენ ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირებას. უამრავი რისკის მიუხედავად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი სტაბილური განვითარების წლები” - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. მისივე თქმით, წარმატებების მიუხედავად, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება სიდუხჭირე და შესაბამისად, საჭიროა გადამწყვეტი ცვლილებები, პირველ რიგში, სოციალურად ყველაზე მგრნობიარე ჯგუფებისთვის.

„ბევრი პოპულისტისგან განსხვავებით, ბუნებრივია, არ ვისაუბრებ კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს! მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ! სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკურებით, ახალგაზრდებს. ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში” - განაცხადა ივანიშვილმა. მან მოქალაქეებს მიმართა, რომ ქვეყნის ცხოვრებაში დგება ხოლმე გარდამტეხი მომენტები, როდესაც ხალხი ხდება ეპოქალური ცვლილებების ავტორი და მას ასეთი სიბრძნე არაერთხელ გამოუჩენია. ივანიშვილმა მიმართა „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, ანუ მათ, ვინც, მისი თქმით, შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის ისტორიულ დღეებში: „საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ.”

„მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს. მთავარია, ახლა ხელისუფლებაზე და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც სიცოცხლე ჩავდეთ 2012-ში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფლების, ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე საქართველოს შენებას” - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. მისი ვიდეომიმართვა "ქართული ოცნების" ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.