საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ზუგდიდიდან სულ რამდენიმე კილომეტრშია დროებითი გამყოფი ხაზი, რაც დამატებით რისკებს აჩენს და სენსიტიურობას სძენს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარების საკითხს. მინისტრის განმარტებით, ზუგდიდში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრის მიზანი, უსაფრთხოების კონტექსტში არჩევნების პირველი ტურიის შეფასება იყო. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თითქმის მთელი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა. მინისტრის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში კი მოწერელიას ორი მოადგილე ეყოლება.