ლევან იზორია: "ჯაველინების" შესახებ რუსული დეზინფორმაცია ვრცელდება

ლევან იზორია და ჯონ ბოლტონი. თბილისი, 2018 წლის 26 ოქტომბერი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ „რუსული ნარატივის დეზინფორმაცია“ უწოდა ინტერნეტსაიტის ReportBlogs-ის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა თბილისში ვიზიტისას საქართველოს მთავრობა გააფრთხილა რუსეთს არ გადასცეს აშშ-ისგან შეძენილი ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები „ჯაველინი.“ ბოლტონი საქართველოში 26 ოქტომბერს იმყოფებოდა.

„რეალურად და სინამდვილეში სიტუაცია გახლდათ ისეთი, რომ ბატონმა ბოლტონმა და იმავე დღეს თავდაცვის მინისტრის მატისის წერილმა კიდევ ერთხელ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ და განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმების მიმართ. კიდევ ერთხელ ხაზგასმა მოხდა იმ ფაქტის, რომ ანტისატანკო თანამედროვე „ჯაველინების“ სისტემის გადაცემა საქართველოსთვის არის უპრეცედენტო მოვლენა“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ლევან იზორიამ. მისივე თქმით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრისგან, მატისისგან პირად საუბარში მოისმინა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ მხოლოდ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ნდობა და აღიარება. ლევან იზორიას განცხადებით, თავის მხრივ, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ „ჯაველინები“ უსაფრთხოდ იყოს დაცული და სწორედ ნდობის და აღიარების საფუძველზე გაგრძელდება აშშ-ისგან სხვა ტიპის ტაქტიკური შეიარაღების შეძენა.

თავდაცვის მინისტრმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ „რუსული ნარატივის დეზინფორმაციას ერთმანეთში აზიარებს ზოგიერთი პოლიტიკოსი,“ ნაცვლად იმისა, რომ გამოიკვეთოს სტრატეგიული ხაზი, სადაც ყველა უნდა გაერთიანდეს. „ასეთი მოვლენების მიმართ უნდა გვქონდეს ადეკვატური რეაქცია. სამწუხაროდ, ზოგიერთი პირიქით, ხელს უწყობს, რომ ნეგატიურ კონტექსტში იყოს აღქმული“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით მიუღებელია შეიარაღებული ძალებისთვის. იზორიას შეფასებით, ეს არის გამიზნული კამპანია იმისთვის, რომ მოხდეს დემორალიზება და ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბება მათ შორის ხელმძღვანელი პირების და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელების მიმართ. „პირიქით, ყოველ წელს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი დინამიკა. ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებით აშშ-თან, წელს არის კიდევ უფრო წინ წასული, ვიდრე შარშან იყო, შარშან კი ითქვა, რომ ეს არის ურთიერთობა, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა. ის დინამიკა, რაც დღეს გვაქვს მათ შორის სიმბოლურად, როდესაც აშშ-ის არმიის ასეული პირველად საქართველოს ისტორიაში გაიწვრთნება ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, გვაძლევს საფუძველს, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო უსაფრთხო იქნება ჩვენი ქვეყანა“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

31 ოქტომბერს, საღამოს საქართველოს საელჩომ აშშ-ში განაცხადა, რომ „ანონიმური წყაროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით." საელჩო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ "ეს არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი ინფორმაცია. საეჭვო კერძო ბლოგიდან დეზინფორმაციის გავრცელება კლასიკური მცდელობაა ჩრდილი მიაყენონ საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც განსაკუთრებულად ბოლო წლებში უაღრესად პოზიტიურად ვითარდება და ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.“