ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ზეარისი“ და მისი თანამშრომლები, კომპანიაში დასაქმებული 100-მდე ადამიანი შეთანხმდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის წინააღმდეგ იბრძოლებს.
„შევთანხმდით, დროებით დავკეტოთ ჩვენი ოფისები. იმუშავებენ მხოლოდ მორიგე მენეჯერები. დანარჩენები გავიშლებით თბილისსა და საქართველოში, ყველა რეგიონში. შევთანხმდით, რომ ვაწარმოოთ ახსნა-განმარტებითი სამუშაოებიც, რათა განვუმარტოთ ადამიანებს განსხვავებებზე დანაშაულსა და შეცდომას, ბოროტებასა და სიკეთეს, ნაცისტურ აზროვნებასა და დაუდევრობას, გამოუცდელობას შორის“, - განცხადა კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ფიფიამ.
გოჩა ფიფია ამბობს, რომ კომპანიის თანამშრომლები მზად არიან საკუთარი სახსრებით გასწიონ ეს კამპანია.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის საწინააღმდეგოდ კონსოლიდაციისთვის ბრძოლას იწყებს მოქალაქეთა სხვა ჯგუფიც:
„ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, საგანგებოდ შევკრებილიყავით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ სასტიკად განადგურებული ოჯახის წევრები“,- განაცხადა 2004 წლის ნოემბერში მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა:
„განა, მე არ ვარ განაწყენებული, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, უნდა გადავდოთ ჩვენი წყენა, უნდა ვიფიქროთ სახელმწიფოს გადარჩენაზე“, - ია მეტრეველმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის კონსოლიდაციისთვის ეს ჯგუფი საგანგებო შტაბს შექმნის.
ფეისბუკით დაიწყო ასევე კამპანია ჰეშთეგის ქვეშ „#არამიშას - რატომ არ მინდა მიშა“, რომელშიც მოქალაქეებს თავიანთი ისტორიების გადაღებისკენ და გაზიარებისკენ მოუწოდებენ.