სარალიძე-მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა შსს-ს შუამდგომლობით გადაიდო

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია 2018 წლის 10 სექტემბერს დაიწყეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პირველი სხდომა შსს-ს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელზე. ისინი სასამართლოსგან ითხოვენ ბათილად ცნოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვის გადაწყვეტილება. დღევანდელ სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა მოსამართლეს მიმართა განხილვის გადადების შუამდგომლობით და მიზეზად დაასახელა საიდუმლო ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობა, რაც დღეისთვის ვერ მოასწრეს. შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, კარვების დადგმის შესაძლებლობის შეზღუდვა უკავშირდებოდა თავად აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ეფუძნებოდა საიდუმლო ოპერატიულ ინფორმაციას. მოსამართლე ნანა დარასელიამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შსს-ს ვადა მისცა 15 ნოემბრამდე.

„ამ კარვების გამო 4-7 წლამდე პატიმრობა მემუქრება. წყობიდან გამოვყავარ საპატრულოს თანამშრომლებს. აქცია გრძელდება. იმედია, მოსამართლეც მოგვცემს საშუალებას, რომ კარვები გავშალოთ. რა უნდათ ვეღარ ვხვდები, მაქვს უფლება კარვები გავშალო, რატომ მიკრძალავენ?” - განაცხადა სასამართლოს სხდომაზე ზაზა სარალიძემ. მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტები. მათი შეფასებით, პოლიციის ქმედება, არ დაუშვას აქციის მონაწილეების მიერ შეკრების ადგილას კარვის განთავსება, მშვიდობიანი შეკრების ფორმის კონტროლის მცდელობაა, რაც უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონით გარანტირებულ, შეკრების უფლების არსს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში სუს-ის სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან 10 სექტემბრიდან მართავენ აქციას მათი შვილების მკვლელობის საქმის ობიექტურად და სრულყოფილად გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით. პოლიციამ სარალიძეს და მაჩალიკაშვილს რამდენჯერმე არ მისცა პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება. 26 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მორიგი კონსტრუქციის დადგმის მცდელობას მოჰყვა სამართალდამაცვებთან ზაზა სარალიძის და მისი მომხრეების ფიზიკური დაპირისპირება. სარალიძე პოლიციელზე ძალადობაშია ბრალდებული და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ემუქრება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა.