30 ოქტომბერს რუსთავის საოლქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მოწმეები დაკითხეს. 2018 წლის 15 იანვარს მოკლული სამსონ ქუთათელაძის ვაჟის, ბესიკ ქუთათელაძის თქმით, მამამისა და საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას 2017 წლის ზაფხულში კონფლიქტი მოუვიდათ, რუსთავში ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ტერიტორიაზე სავაჭრო დახლების შესყიდვის თაობაზე. ბესიკ ქუთათელაძე მამის მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ამ კონფლიქტს ასახელებს. საქმეზე ბრალდებული, გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით. გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის არსებული ყველა კონფლიქტი ამოწურული იყო. შესაბამისად, ეს მკვლელობის მიზეზი ვერ იქნებოდა. „გენერალ სამსონ ქუთათელაძის შვილი პროკურატურის გავლენის ქვეშ არის, ბრალდება ცრუ მოწმეებს ეყრდნობა. ეს არის გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ "შეკერილი საქმე", - თქვა ადვოკატმა ბასილაიამ. რუსთავის საოლქო პროკურატურის პროკურორის ლევან ჯალაღანიას თქმით კი ბრალდების მხარეს გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ უტყუარი მტკიცებულებები აქვს. „მათ შორის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ბაზრობის ტერიტორიაზე". გიორგი ჭანტურიას ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო, შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, სს კოდექსის 208-ე და 236-ე მუხლების შესაბამისად. გიორგი ჭანტურია ბრალს არ აღიარებს. ბრალდებული, სასამართლოს ბოლო სამ სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. გიორგი ჭანტურიას ოჯახი ე.წ. "სტამბოლის ბაზარში" ფართს ფლობს, რომელსაც სხვადასხვა ინდმეწარმეზე აქირავებს. 2018 წლის 15 იანვარს მოკლული სამსონ ქუთათელაძე ბაზრის დირექტორი და მეწილე იყო.