სასამართლომ დათა ახალაია დამნაშავედ ცნო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის, ლ.ბ.-ს, ვ.ა.-ს და კ.დ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობრივი დანაშაულების ფაქტებზე და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი სიყალბისთვის დამნაშავედ ცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დათა ახალაია. მას დაუსწრებლად მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. დათა ახალაიამ საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეიცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება.

სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია კიდევ 8 პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და ბაჩანა ახალაიას მიმართ.