„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში დღის პირველი საათისათვის დაფიქსირებულია 50-მდე წვრილი და შედარებით მსხვილი დარღვევა. ორგანიზაციამ დაწერა 4 საჩივარი: „თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის. მეტნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები", - აცხადებს ეკა გიგაური, ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
არჩევნების სავარაუდო გაყალბება
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94 საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას დაინტერესდეს ამ შემთხვევით და მიიღოს შესაბამისი ზომები.
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს გარეთ გაყვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი” დამკვირვებელი, რომელმაც თანხა გადასცა მას. ეს პირი არ უარყოფს ფულის გადაცემის ფაქტს.
აგიტაციის წესების დარღვევა
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა, ანუ შემოხაზა სასურველი კანდიდატი.
ერთსა და იმავე უბანზე ერთი ორგანიზაციის რამდენიმე დამკვირვებელი
#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე ერთი და იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ჩვენი დამკვირვებლის მითითების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარემ დიდი ხნის განმავლობაში არ აღმოფხვრა ეს პრობლემა.
დამკვირვებლების არ შეუშვეს საარჩევნო უბნებზე
#41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე და #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #26 უბანზე გარკვეული დროის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარეები უბანზე არ უშვებდნენ დამკვირვებლებს. მცირე ხნის შემდეგ აღმოიფხვრა ეს პრობლემა.
კომისიის წევრის მიერ ფუნქციათა გადასანაწილებელ წილისყრაზე უარის თქმა
#10 გლდანის საარჩევნო ოლქის #100 უბანზე, #32 გორის საარჩევნო ოლქის #88 უბანზე, #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #7, 25, 89 უბნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე.
რეგისტრატორის მიერ ბეჭდის არასწორი გამოყენება
#24 დმანისის საარჩევნო ოლქის #32 უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბიულეტენებზე ბეჭედს უკუღმა არტყამდა, რაც შეიძლება ბიულეტენების ბათილობის საფუძველი გახდეს.