ზაზა სარალიძეს ოფიციალურად წაუყენეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს პროკურატურამ წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით. ეს მუხლი ეხება წინააღმდეგობას, მუქარას, ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით. ბრალის წარდგენა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ზაზა სარალიძე გასულ პარასკევს გადაიყვანეს. მისმა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ, რომელიც ბრალდებას არ ეთანხმება, რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ პროკურატურამ საქმის მასალები გადასცა. ადვოკატის ინფორმაციით, საგამოძიებო მასალებში საუბარია, რომ ზაზა სარალიძემ ბლაგვი საგანი ჩაარტყა პოლიციელს, თუმცა, არსებული ვიდეოჩანაწერის ანალიზი ადასტურებს, რომ სარალიძის მიერ მოქნეული ეს საგანი პოლიციელს არ მოხვედრია. ლონდარიძის თქმით, სასამართლო ხვალ იმსჯელებს სარალიძისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებაზე.

ზაზა სარალიძე სამართალდამცავებს 26 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დაუპირისპირდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ არ მისცა წვიმისგან დამცავი კონსტრუქციის დადგმის უფლება. ზაზა სარალიძემ პარლამენტთან ორი თვის წინ დაიწყო საპროტესტო აქცია მისი შვილის მკვლელების დასჯის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნებით.