საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სიგარეტის მწარმოებელმა კომპანია „ომეგა ჯგუფმა“ 26 ოქტომბერს 1 მლნ ლარის დავალიანება გადაიხადა და წარმოების განახლების ნებართვა ითხოვა.
ამის შესახებ იტყობინება Business Media. გამოცემა იმოწმებს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს ხატია მოისწრაფიშვილს.
მოისწრაფიშვილის თქმითვე, კომპანიამ შეიძინა აქციზური მარკებიც.
„გუშინ გადაიხადეს 1 მლნ ლარის დავალიანება და გვთხოვეს, რომ წარმოების განახლების საშუალება მიგვეცა; იყიდეს აქციზური მარკებიც და ითხოვეს ნებართვა, რომ განაახლონ წარმოება და დაიწყონ ვალის მომსახურება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, კომპანიას მოუხსნას ინკასო მხოლოდ ანგარიშზე და მოხსნას ყადაღა საბრუნავ საშუალებებზე, რაც „ომეგა ჯგუფს“ საშუალებას მისცემს, განაახლოს წარმოება“, - განმარტა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მისი თქმით, „ომეგა ჯგუფმა“ უახლოესი დღეების განმავლობაში ვალდებულების დაფარვის ახალი გრაფიკი უნდა წარმოადგინოს.
დღეის მდგომარეობით, კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 52,830,844 ლარს.