"სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეები სოციალურ ქსელებში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლო აგიტაციაში აქტიურად მონაწილეობენ: "29 აგვისტოდან 4 ოქტომბრამდე მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა 29 მუნიციპალიტეტი, რომლებშიც დასაქმებული 42 საჯარო მოხელე კამპანიაში სამუშაო საათების დროს მონაწილეობდა, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენს. ხოლო 26 მუნიციპალიტეტის 51 საჯარო მოხელის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის ფაქტი არასამუშაო საათებში დაფიქსირდა", - ვკითხულობთ ISFED-ის ანგარიშში.
29 აგვისტოდან 4 ოქტომბრამდე ორგანიზაცია აკვირდება 65 მუნიციპალიტეტის 664 საჯარო მოხელეს, რომელთაც მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი და საკვანძო თანამდებობები უკავიათ. აღნიშნული პირები შეირჩნენ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესებს მუნიციპალიტეტებში აკვირდებიან . საჯარო მოხელეების მხრიდან აღნიშნული ქმედება გამოვლინდა როგორც არასამუშაო, ისე სამუშაო დროის განმავლობაში.
პრეზიდენტობის კანდიდატებისა და წარმდგენი/მხარდამჭერი პარტიების საწინააღმდეგო და მხარდამჭერი სააგიტაციო მასალები გამოქვეყნდა 42 მოხელის ფეისბუქ-პროფილზე.
ანგარიშის თანახმად, საჯარო მოხელეების აქტივობამ საგრძნობლად იმატა „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერის გამოცხადებისა (9 სექტემბერი) და საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის საარჩევნო ნომრების მინიჭების (10 სექტემბერი) შემდეგ. მომდევნო დღეებში საჯარო მოხელეების გვერდებზე გახშირდა მხარდამჭერი სააგიტაციო პოსტების გაზიარების შემთხვევები, რომლებიც მიმართული იყო მხოლოდ ერთი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. აგრეთვე, იმავე პერიოდიდან (10 სექტემბერი) იმატა საჯარო მოხელეების მიერ მადისკრედიტირებელი პოსტების გავრცელებამ, რომლებიც ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტობის კანდიდატების წინააღმდეგ იყო მიმართული.