ბიძინა ივანიშვილი: ეკა გიგაური მოუკრეფავში გადავიდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს „ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ცუდ სამსახურს უწევს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამიტომ მას ურჩევს, სამოქალაქო სექტორიდან გავიდეს.

„მე ბევრჯერ მიპასუხნია მისთვის, მისი სიცრუეებიც ბევრჯერ გამომიტანია, მაგრამ დღეს ვიქნები უფრო კარდინალური, რადგან ის თავისი გამოსვლებით ცდილობს არათუ შიგნით დააზიანოს, ახლა გადავიდა საერთოდ მოუკრეფავში, რომ იტყვიან. უკვე წავიდა იქით, რომ ამერიკის ელჩს აღარ ნიშნავს ივანიშვილი. ჟიჟილაშვილთან მივიდა, დაალაგეს ეხლა იქ, გასაგებია. იქ ეკა გიგაურმა გააკეთა განმარტებები, რომ საშინელებები ხდება. წარმოუდგენელ თამასში შევიდა უკვე ეკა გიგაური“ - უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა „მაესტროს“ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა საკითხს, ეწინააღმდეგება თუ არა „ქართული ოცნება“ ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას?

„ამაზე მე პასუხის გაცემაზე მცდელობაც არ მექნება. შედით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე. იქ ჩანს, რამდენი ელჩი დანიშნეს აქ და სად არის ვაკანსია. ამის იქით ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენ ეს ყველაფერი? მაგრამ ეკა გიგაურს რა სურს, მე ამას გეტყვით. ეკა გიგაურს ეხლა სურს, რომ ამ პოლემიკაში შემოვიდეს, აი, ამ მინდორზე გადაგვიყვანოს და იქიდან დაიცვას თავი იმ კითხვებისგან, რასაც მას უსვამენ. მოტივაცია არის ის, რომ ეკა გიგაურმა როგორმე კითხვებს თავი აარიდოს. ეკა გიგაური უკვე სამი წელიწადია სასამართლოში არ ცხადდება, მისსავე დაწერილ საჩივარზე“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების ნაწილთან 26 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელსაც „ობიექტივის“, „მაესტროს“, „იბერიისა“ და „პალიტრაtv”-ის ჟურნალისტები ესწრებოდნენ.