„რუსეთის მიმართ უკვე დაწესებულია მთელი რიგი სანქციებისა და მათ შორის, ნაწილი დაწესებულია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“, - ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. ბოლტონს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ამერიკის მთავრობა რუსეთისთვის რაიმე სანქციების დაწესებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო. რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრას, რომელიც ნოემბერშია დაგეგმილი, ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, არ არის დაზუსტებული, ილაპარაკებს თუ არა ორი პრეზიდენტი საქართველოს შესახებ: "რამდენად მოხდება საქართველოს თემის განხილვა ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე, ამას ვერ ვიტყვი, რადგან ეს შეხვედრა იქნება ძალიან მოკლე. ჩვენ პრეზიდენტი პუტინი მოწვეული გვყავს ვაშინგტონში. იგეგმება კონსულტაციების გამართვა მთელი დღის განმავლობაში. როგორი იქნება ამ ვიზიტის განრიგი, ჯერჯერობით არ ვიცით. რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში ვიზიტისას, საქართველოსთან დაკავშირებით ვესაუბრე რუსეთის სამთავრობო კაბინეტის წევრებს. ხოლო, როდესაც თავად პუტინს ვუთხარი, ჩემი შემდგომი ვიზიტების შესახებ, მან იხუმრა - სამხრეთ კავკასიაში მიემგზავრები?"
თბილისში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი იმყოფებოდა ერევანში, ბაქოსა და მოსკოვში.