ივანიშვილი: მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ, ესე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია

ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ავთენტიკურობის დადგენამდე არ სჯერა ჩანაწერის, რომელშიც სავარაუდოდ, საუბრობენ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია.

„თუმცა, არაფერი არ მიკვირს. არ მიკვირს თუგინდ ჩემთან დამოკიდებულებით. ნახეთ, გვარამიას გამონათქვამები კვესიტაძესთან ერთად. რა სიტყვებს ხმარობს ჩემზე და როგორ ცდილობს. რომ ესენი ამაზე არიან წამსვლელები, ეს ეჭვს არ იწვევს. მაგრამ უკაცრადავ და საზოგადოებას ვეტყვი - მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ. ესე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია, რაზეც გვარამია ოცნებობს. საკუთარ თავს უკეთებენ ეს უბედურები ამას ყველაფერს და ვერ გრძნობენ“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე ტელეკომპანიასთან დღევანდელი ინტერვიუს დროს.

ივანიშვილის თქმით: „მაგათ მაშინ ჰქონდათ მგლის ხროვასავით ერთად რომ იყვნენ, მთელი სახელმწიფო ბერკეტი და ინსტრუმენტები რომ ჰქონდათ, მთელი პოლიცია, მაშინ ჩაგრავდნენ ქართველ კაცს, მაშინ აუპატიურებდნენ, მაშინ კლავდნენ. ეხლა მაგათ მაგის თავი სადა აქვთ. ეგრე არ არის. არც იფიქროთ, გულშიც არ გაივლოთ! რომ წამსვლელები არიან კი ბატონო, ეჭვს არ იწვევს. მაგრამ თუ ვინმეს რამე შიში და ფიქრიც გაქვთ, არაფრის თავი მაგათ მაგის მსგავსი არ აქვთ. საკუთარი შარვლიდან ხტება ეს საცოდავი.“

25 ოქტომბერს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტუაციის რადიკალიზაციაზე ესაუბრება თავის ბიძას, თემურ ალასანიას. ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, ალასანია ქართველებს მოიხსენიებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ამბობს, რომ მილიონს გადაუხდის „ვინც სნაიპერსკი ვინტოვკით მოკლავს ბიძინას.“ თემურ ალასანამ და მიხეილ სააკაშვილმა ამ ჩანაწერს უწოდეს ტყუილი და ფაბრიკაცია.