მოზარდის მკვლელობა გორში: „ეს არის საყოველთაო ტრაგედია“ - შს მინისტრის პირველი მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ გორში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა: „მინდა ოჯახს მივუსამძიმრო, ეს არის საყოველთაო ტრაგედია და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს კონკრეტული შედეგის დადება. ამ ეტაპისთვის ვერსიებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. გამოძიება დაწყებულია, აბსოლუტურად დეტალურად ვსწავლობთ შემთხვევის ადგილს, შესაბამისად როგორც კი რამე იქნება ცნობილი გავაკეთებთ განცხადებას. ყველა საგამოძიებო მოქმედება ტარდება იმისთვის, რომ დადგინდეს დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირი," - განაცხადა კახა საბანაძემ. 25 ოქტომბერს, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ .ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა დღის სამი საათიდან იყო გაუჩინარებული. ნახევარდღიანი ძიების შემდეგ მისი ცხედარი ოჯახის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, აღმოაჩინეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.