აშშ-ის მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში: ირანზე მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა განხორციელდება

აშშ-ის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა, რომელიც კავკასიაში აგრძელებს მოგზაურობას, ერევანში განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე მაქსიმალურ ზეწოლას განახორციელებს ეკონომიკური სანქციების მეოხებით თეირანის "საზიანო" ქცევის საპასუხოდ ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ბოლტონმა 25 ოქტომბერს ერევანში, მასპინძელთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადა : „როგორც პრემიერ-მინისტრს ავუხსენი, მაქსიმალური ზეწოლის განხორციელება გვსურს ირანზე, რომელმაც არ აიღო ხელი ბირთვული იარაღისკენ სწრაფვაზე. ბოლტონის თქმით, ირანი რჩება საერთაშორისო ტერორიზმის მთავარი სპონსორი. გვაშფოთებს მისი ბალისტიკური პროგრამა და აქტიური სამხედრო ოპერაციები სირიასა და ერაყში, თუ სხვაგან. აშშ-ის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში დასძინა, რომ აშშ-ს არ სურს თავისი მეგობრებისთვის ზარალის მიყენება სანქციების გაფართოების ამ პროცესში. სომხეთს ირანთან საერთო საზღვარი აქვს. ბოლტონის თანახმად, მან ფაშინიანს უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს ამ სანქციების ენერგიულად გატარებას, და რომ სომხეთ-ირანის საზღვარი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. ირანზე ძლიერი ზეწოლა გვსურს, რადგან მიგვაჩნია, რომ მისი ქცევა ახლო აღმოსავლეთში, და მთელ მსოფლიოშიც, "საზიანო" და შეცვლას საჭიროებს.