ფაშინიანი ხედავს შესაძლებლობას აშშ-თან სომხეთის უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „უკიდურესად პოზიტიური“ უწოდა ატმოსფეროს, რომელშიც ჩაიარა მისმა შეხვედრამ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონთან. „ჩემი აზრით, არსებობს რეალური შესაძლებლობა სომხეთ-ამერიკის ურთიერთობის ახალ საფეხურზე ასაყვანად. და ჩვენ მზად ვართ, ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით“, დაწერა ფაშინიანმა ფეისბუკში 25 ოქტომბერს. სომხეთს ტრადიციულად მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთთან, მაგრამ ამ მხრივ კითხვის ნიშნები გააჩინა სომხეთის პრემიერის პოსტიდან სერჟ სარქსიანის - მოსკოვთან დაახლოებულად მიჩნეული პირის - განდევნამ. მაისში მისი გადადგომა მოჰყვა ფაშინიანის თაოსნობით გამართულ მრავალათასიან დემონსტრაციებს. სომხეთში ჩასვლამდე, ბოლტონი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სადაც უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე განიხილა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. სომხეთის შემდეგ ბოლტონი საქართველოს ეწვევა.