„როგორ წარმოგიდგენიათ? როგორ შეიძლება, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი მაღალი დონის ურთიერთობა გვაქვს. საქართველო სხვა ქვეყნების ელჩების შერჩევის პროცესში მონაწილებას არ იღებს, ეს არის სპეკულაცია და არასერიოზულია ამაზე ლაპარაკი“ - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად შეეფერება სიმართლეს ის, რომ საქართველოს მთავრობა ხელს უშლის და აფერხებს შეერთებული შტატების ელჩად ბრიჯიტ ბრინკსის დანიშვნას.
იმის შესახებ, რომ შესაძლოა საქართველოს მთავრობა და კერძოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უშლიან ხელს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის დანიშვნას, სმენია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თავმჯდომარეს, ეკა გიგაურს. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „TV პირველის“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ ილაპარაკა.
ბრიჯიტ ბრინკსი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ეს თანამდებობა მან 2015 წელს დაიკავა. ბრინკსი მუშაობს აღმოსავლეთ ევროპის საკითხებზე, კავკასიის რეგიონსა და კონფლიქტებზე ევროპაში. 2011-2014 ბრიჯიტ ბრინკსი მუშაობდა აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ თბილისში.
ამჟამად საქართვველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობას ასრულებს ელიზაბეთ რუდი. ის თბილისში ჩამოვიდა 2017 წლის ივლისში და იკავებს მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში.