ოთარ კახიძე: ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა თავხედობის დემონსტრირება

ოთარ კახიძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის წევრის ოთარ კახიძის შეფასებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო უტიფარი და თავხედური შეტევა საზოგადოებაზე და მთავრობის მიმართ არსებული ლეგიტიმური პრეტენზიების საზოგადოებისთვის გადაბრალება. კახიძის თქმით, ივანიშვილი არ არის არც რეალობას მოწყვეტილი და არც არაფერს უმალავენ, მან უბრალოდ თავხედობის დემონსტრირება მოახდინა.

“ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას უტიფრად ეუბნება, რომ არც ისე გიჭირთ, როგორც წუწუნებთ. ეუბნება, რომ სინამდვილეში ქვეყანაში აღმშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ როდესაც აფთიაქში ვეღარ ყიდულობთ მედიკამენტებს, როდესაც ვეღარ ასხამთ საწვავს, როდესაც არ გყოფნით შემოსავალი, არ გყოფნით პენსია და ხედავთ გაჭირვებას, უიმედობას და უპერსპექტივობას, ეს არის ტყუილი, ხოლო სინამდვილეში ყველაფერი არის მაგრად და არც კი გაბედოთ წუწუნი და ხმის ამოღება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოთარ კახიძემ.

ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ 23 ოქტომბერს მისცა ტელეკომპანიებს „TV პირველს,“ „რუსთავი 2“-ს და „იმედს.“