ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში მცხოვრები გიორგი შამანაური და იასონ შუკაკიძე. ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებამდე, დე ფაქტო სასამართლომ შამანაური და შუკაკიძე დამნაშავედ ცნო ე.წ. საზღვრის დარღვევაში და 5000-5000 რუსული რუბლის გადახდა დააკისრა. 5000 რუბლი დაახლოებით 200 ლარია. ბოლო დრომდე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული ე.წ. საჯარიმო თანხა 2000 რუბლს შეადგენდა.
Your browser doesn’t support HTML5
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გიორგი შამანაური და იასონ შუკაკიძე 20 ოქტომბერს დააკავეს ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯთან მდებარე ტყეში. მათ გათავისუფლებას ქართული მხარე 22 ოქტომბერს ელოდებოდა, თუმცა უშედეგოდ. კასპის მერის წარმომადგენელმა სოფელ ოკამში კობა ჩიტაშვილმა დღეს, 24 ოქტომბერს რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ დაკავებულთა გათავისუფლება სწორედ ე.წ. საჯარიმო თანხის გაზრდის გამო გაჭიანურდა.