საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება გააძვირა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 2 ათასი რუსული რუბლიდან 5 ათას რუბლამდე გაზარდა ჯარიმის თანხა, რომელსაც ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ახდევინებს საოკუპაციო ხაზთან, თბილისის მიერ კონტროლირებულ სოფლებში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს. 5 ათასი რუბლი დაახლოებით 200 ლარია.

სწორედ თანხის გაზრდა სახელდება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის ორი მცხოვრების, გიორგი შამანაურის და იასონ შუკაკიძის გათავისუფლების გაჭიანურების მიზეზად. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შამანაური და შუკაკიძე 20 ოქტომბერს დააკავეს ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯთან მდებარე ტყეში. 22 ოქტომბერს, რადიო თავისუფლება ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ორ მშვიდობიან მოქალაქეს დღის ბოლომდე გაათავისუფლებდნენ, თუმცა, 24 ოქტომბრის შუადღის მდგომარეობით, ისინი ცხინვალის იზოლატრში რჩებიან.

კასპის მერის წარმომადგენელმა სოფელ ოკამში კობა ჩიტაშვილმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ დე ფაქტო სასამართლომ გიორგი შამანაური და იასონ შუკაკიძე ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააჯარიმა უკვე არა 2 ათასი, არამედ 5 ათასი რუსული რუბლით.„ფულის გადაცემა ცოტა გაჭირდა, რაღაც პრობლემები იყო. უკვე გადასცეს და სავარაუდოდ, საღამოსთვის გამოუშვებენ“ - განაცხადა კობა ჩიტაშვილმა. მისი ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საჯარიმო თანხა დაახლოებით ერთი კვირის წინ გაზარდა.