ტერორიზმთან ბრძოლის სამოქმედო გეგმაზე მომუშავე კომისიამ პირველი სხდომა გამართა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში(სუს) პირველი სხდომა გამართა მუდმივმოქმედმა უწყებათშორისმა კომისიამ, რომელსაც ევალება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება პროცესის ინიცირების შესახებ და ამ მიზნით დაამტკიცა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

მუდმივმოქმედ კომისიას ხელმძღვანელობს სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. კომისიის წევრები არიან მინისტრების მოადგილეები და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც კომისიის წევრებს გააცნეს რეკომენდაციები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხზე.

უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია და სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა. კომისიამ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს 2018 წლის ბოლომდე.