რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებულ კიდევ ორ მოზარდს უტარებენ ოპერაციას

კლინიკა "რუსთავი"

კიდევ ორ არასრულწლოვანს, 12 და 14 წლის ბიჭებს უკეთდება ოპერაცია კლინიკა "რუსთავში". ერთ-ერთის ბებიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის შვილიშვილს დაზიანებული აქვს მხართან რბილი ქსოვილი: "როცა აფეთქების ხმა გავიგე ეზოში ჩავირბინე, ბავშვი სულ სისხლში იყო, თუმცა როგორც ექიმებმა მითხრეს, ძვალი დაზიანებული არ არის, ნამსხვრევმა რბილ ქსოვილში ღრმად შეაღწია". - თქვა 14 წლის მოზარდის ბებიამ რაული ისკანდაროვამ.

12 წლის მოზარდის მამამ რადიო თავისუფლებას უთხრა რომ მის შვილს ჩამსხვრეული აქვს ტერფი. "სავარაუდოდ, რკინის წვრილი ნამსხვრევები მოხვდა", - ამბობს კარიმ ხალიკოვი, რომლის ოჯახი მე-14 კორპუსში ცხოვრობს.

აფეთქების შედეგად კიდევ ერთ დაშავებულს, 8 წლის გოგონას კლინიკა „რუსთავში" გადაუდებელი ოპერაციის დასრულების შემდეგ, თბილისში საგანგებო კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანომობილით გადაიყვანენ.

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავდა ათი ადამიანი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.