"იბერიის“ თანამშრომლები მენეჯმენტს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას სთხოვენ

19 ოქტომბერს ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტებმა გაერთიანებული პროფკავშირების ოფისში ბრიფინგი გამართეს და ხელმძღვანელობისგან რეორგანიზაციასთან და ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვეს. ისინი ამბობენ, რომ ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეჩერების შესახებ სხვადასხვა ტელევიზიიდან გაიგეს.

Your browser doesn’t support HTML5

ბექა პატურაშვილი "იბერიის" თანამშრომლების პოზიციაზე

„16 ოქტომბერს სხვადასხვა ტელევიზიის საშუალებით გავიგეთ, რომ ტელევიზიამ მაუწყებლობა შეაჩერა. მეორე დღეს მოვითხოვეთ თათბირი, თათბირზე ლოგიკურია გვქონდა ბევრი კითხვა. რა ბედი გველოდა, ვიყავით თუ არა ტელევიზიის თანამშრომლები, გავაგრძელებდით თუ არა მომავალში მუშაობას? რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ. შემდეგ იყო კითხვები ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რაც უკვე ნამუშევარი გვაქვს, ვერც ამაზე მივიღეთ პასუხი. ამის შემდეგ, ჩვენგან გაკეთდა შეთავაზება, რომ ჩვენ ჩვენი რესურსით ვიმუშავებდით მანამ, ვიდრე შევძლებდით, ოღონდ უნდა გვცოდნოდა გონივრული ვადა როდემდე შეიძლებოდა ჩვენი უხელფასოდ მუშაობა. ამაზეც ვერ მივიღეთ პასუხი", - განაცხადა პირველადი პროფკავშირების თავმჯდომარემ გიორგი ჯიბღაშვილმა.

მისივე თქმით, თანამშრომლები ხელმძღვანელობას წერილით მიმართავენ, სადაც მოითხოვენ კითხვებზე პასუხებს.