ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, გიორგი მერებაშვილს. თავად ბრალდებულმა სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ უკანონო არასდროს არაფერი ჩაუდენია და არ იცნობს არცერთ პირს, ვინც მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს გახსნილად გამოაცხადა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი და მტკიცებულებად გამოაქვეყნა ორი აუდიოჩანაწერი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წელს მოიპოვა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის(კუდ) თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი. ამავე საქმეზე ბრალი წარედგინა კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს. ისინი მსჯავრდებულნი არიან 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევის და მონაწილეთა მასობრივი დაკავებისთვის. რევაზ შიუკაშვილმა ახალ ბრალდებას - ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებას გაყალბებული უწოდა. გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა ლევან ქარდავამაც.