საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ვადაზე ადრე გაინაღდა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, ოთხი ტურის შემდეგ თორმეტი ქულა დააგროვა და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე უახლოეს მდევარს - ყაზახეთს შვიდი ქულით გაუსწრო. შესაბამისად, ვადაზე ადრე დაიბევა D დივიზიონის D ჯგუფში პირველი ადგილი და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა რიგაში 3:0 დაამარცხა ლატვიის ნაკრები. ანგარიში ჯაბა კანკავამ გახსნა, მერვე წუთზე. პირველსავე ტაიმში, მასპინძელთა კარი ვაკო გვილიამაც აიღო. შესვენების შემდეგ კი თავისი გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ქართველ ფეხბურთელებს კიდევ ერთი რეალური საგოლე შანსი ჰქონდათ - მეხუთე წუთზე ლატვიის ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ვაკო ყაზაიშვილს მეკარემ აუღო.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს გამართავს, სტუმრად ანდორასთან. 19 ნოემბერს კი ბოლო ტურში თბილისში უმასპინძლებს ყაზახეთს.

ევროპის 2020 წლის საგზურის მოსაპოვებლად პლეი ოფში D დივიზიონის ოთხი ჯგუფის ჩემპიონები 2019 წლის ივნისში ჩაებმებიან.