სახალხო დამცველი:ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს

„ვთვლი, რომ გავრცელებულ ჩანაწერებში ისმის დანაშაულის შემცველი ფაქტების შესახებ ინფორმაცია, ამიტომ, ამ საკითხებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება“ - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ. მისი შეფასებით რუსთავი2-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში მირზა სუბელიანი სერიოზულ დანაშაულებებზე საუბრობს, რაზეც რეაგირება უნდა მოხდეს. „განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება წამებას, არასრულწლოვნების ცემის ფაქტს, რაზეც მირზა სუბელიანი თავადაც საუბრობს.აუცილებელია, მოხდეს მისი გამოკითხვა და გამოძიების დაწყება. ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე საუბრობს, მათ შორის, თავადაც როგორც ჩანს, არის გარკვეულწილად მისი მონაწილე, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მტკიცებით ფორმაში იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ნამდვილად სჭირდება გამოძიება. ეს არ არის ის ინფორმაცია, რაც შეიძლება უყურადღებოდ იყოს დატოვებული“.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, ჩანაწერის შინაარსის გარდა, პარალელური გამოძიება უნდა დაიწყოს ასევე იმაზე, როგორ მოხდა ჩანაწერის გაკეთება, რაშიც პატიმრის ინტერესების დარღვევა იკვეთება. "მისი უფლებები, ამ შემთხვევაში, არის დარღვეული იმიტომ, რომ რეალურად კონფიდენციალური საუბრის ჩაწერა მოხდა ამ შემთხვევაში და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მისი უფლებების დაცვაში, თუკი მას ექნება სურვილი, რომ მოგვაწოდოს დამატებითი რაიმე ინფორმაცია ამ გარემოებების შესახებ, თუნდაც ჩაწერასთან თუ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. იქ არის ასევე საუბარი ისეთ ფაქტებზე, რაც მის წინააღმდეგ მეტყველებს ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე, ამიტომ, არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იქნება, რამდენად ექნება სურვილი მას ჩვენთან თანამშრომლობის", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები მირზა სუბელიანს 15 ოქტომბერს შეხვდნენ, თუმცა, სახალხო დამცველის არაერთი შეთავაზების მიუხედავად, მან უარი თქვა თანამშრომლობაზე და ომბუდსმენის წარმომადგენლების არცერთ კითხვას არ უპასუხა. სახალხო დამცველის თქმით, მირზა სუბელიანს ჰქონდა მხოლოდ ერთი თხოვნა -ხორავას ქუჩის საქმის გარშემო, მისი შვილის უფლებების დაცვა.

ტელეკომპანია რუსთავი2-ს მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანი სავარაუდოდ საუბრობს, რომ ხელისუფლებას გაურიგდა, ჩაჯდა ციხეში, მაგრამ ეს ნაბიჯი სათანადოდ ვერ დაუფასდა.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. დროებითმა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ მირზა სუბელიანი მოგვიანებით ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულა.