„სუბელიანის ჩანაწერში“ მოხსენიებულ პირთა ადვოკატები სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვენ

მირზა სუბელიანი სასამართლო პროცესზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის შეფასებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანის ინფორმაცია ადასტურებს, რომ 2013 წელს, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაიყვანეს და შეახვედრეს მაშინდელ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მოითხოვდა ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

„სუბელიანის პირით მოვისმინეთ, რომ ის ვანო მერაბიშვილის საქმის დალაგებაში მონაწილეობდა. მისმა ბიჭებმა შეასრულეს. ყველაფერი თავიდან ბოლომდე გაყალბებული იყო და ყველა გაფრთხილებული იყო, ფაქტები დაემალათ“, - განაცხადა ჩივიაშვილმა. ადვოკატის თქმით, სუბელიანს ბრალი აუცილებლად უნდა წაუყენონ.

მირზა სუბელიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა ბიზნესმენ გიორგი უდესიანის ადვოკატმაც. ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ხვალ სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით, „კუს ტბა კალასისა” და „კუს ტბა კალას” წილების საქმეს, რომელშიც უდესიანი ფიგურირებს, „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერიც დაერთოს. დაცვის მხარე ასევე, მოითხოვს, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყოს.

„ჩვენ დადასტურებულად ვიცოდით და ეს ინტერპოლის მიერაც დადასტურდა, რომ გიორგი უდესიანი საქართველოში ხელისუფლების პოლიტიკური მოტივაციით იდევნებოდა, თუმცა გუშინდელმა ჩანაწერმა დაადასტურა, რომ გიორგი უდესიანის წინააღმდეგ საქმის შეკერვის დროს ხდებოდა მასალების ფალსიფიცირება და სავარაუდოდ, მოწმეებზე ზემოქმედება. მირზა სუბელიანი ჩანაწერში საუბრობს, რომ მან ხელისუფლებას სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გაუწია სამსახური, ის ახდენდა მოწმეების „დაკაჩავებას.” ამ კონტექსტში საუბრობს ხარძიანის საქმეზეც. ხარძიანის საქმეში გიორგი უდესიანის წინააღმდეგ მთავარი “შეკერილი” მოწმეები არიან ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საპატიმროში მყოფი პირები, რომლებიც გიორგი უდესიანის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებებს იძლევიან. შესაბამისად, სუბელიანის გუშინდელი ჩანაწერებით ცხადი ხდება, რომ ამ პირების ჩვენებები არის არა სიმართლე, არამედ მირზა სუბელიანისა და მისი ბანდის მიერ ძალით და ფალსიფიკაციით მიღებული ინფორმაცია, რისი მსხვერპლიც არის ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი - გიორგი უდესიანი“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ. ადვოკატის ინფორმაციით,

„რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს მოწმეთა ჩვენებების გასაბათილებლად გამოიყენებენ.