ვანო ჩხარტიშვილმა "რუსთავი 2"-ით გასულ ჩანაწერს უწოდა "საპნის ოპერეტა"

ბიზნესმენმა, ვანო ჩხარტიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ 10 ოქტომბერს გავრცელებულ, ფარულ აუდიოჩანაწერს უწოდა „მორიგი საპნის ოპერეტა ნიკა გვარამიას რეჟისურითა და ზაზა ოქუაშვილის შესრულებით.“

„ამ სერიალების სცენარისტ მიხეილ სააკაშვილს ფანტაზიას ნამდვილად ვერ დაუწუნებ. თვეზე მეტია, „ზაზაფიქჩერსის“ ოპერეტები გრძელდება და ყოველი ახალი ჩანაწერი წინაზე “სკანდალურია.“ ვერაფერს ვიტყვი, საბოლოოდ „გამშიფრეს“ და გლობალური პოლიტიკური პროცესების მონაწილედ „შემრაცხეს.“ მადლობის მეტი რა მეთქმის. ვიცი, რომ ფინალისთვის უფრო დიდი „კომპრომატი“ აქვთ შემონახული. მიუხედავად ასეთი „საფრთხისა“, რა სიუჟეტიც არ უნდა შეთხზან ან რა „სამხილით“ არ უნდა დამემუქრონ, მე არ შევწვეტ დაწყებულ სასამართლო დავას „რუსთავი 2“-ისა და ნიკა გვარამიას და „იბერიასა“ და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში. ასეთი უბადრუკი მცდელობები ვერც იმ უდაო ფაქტს გადაფარავს, რომ ლონდონის ორმა წამყვანმა საექსპერტო ბიურომ ზემოთ დასახელებულ ტელეკომპანიებში ბოლო დროს გავრცელებული ფარული ჩანაწერები მიიჩნია ხელით მანიპულირებულად და სხვადასხვა დროსა და ადგილას გაკეთებული ჩანაწერების მონტაჟად“ - ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის განცხადებაში. ჩხარტიშვილი ასევე წერს: „ხალხს, სამი წლის წინანდელი გადაკეთებული ჭორაობების ყურებაში უკვე ჩაეძინა და რაღაც ახალია საჭირო. ამიტომ დავაანონსებ, რომ ფინალში გავრცელდება ჩემი საუბრები სერგო ორჯონიკიძესა და იოსებ სტალინთან თუ როგორ ვგეგმავდით გვირაბის გათხრას თავისუფლების მოედნამდე და იქ წითელი დროშის აფრიალებას. ასე, რომ მოვიმარაგოთ პოპკორნი და დაველოდოთ მორიგ სერიალს.“

„რუსთავი 2“-ის მიერ 10 ოქტომბერს საღამოს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, ამ ტელეკომპანიის ინფორმაციით, საუბრობენ ზაზა ოქუაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი და ჩხარტიშვილის საუბრიდან ირკვევა, რომ რუსეთში, პუტინის გარემოცვასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას სააკაშვილის ხელისუფლების დასამხობად.