აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის ახალი შეხვედრა შედგება აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, რომელიც 6 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა დონალდ ტრამპმა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯერ არ არის დადგენილი, სად გაიმართება შეხვედრა, მაგრამ ერთ-ერთი შესაძლო ადგილია მისი რეზიდენცია ფლორიდაში. ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის პირველი შეხვედრა ივნისში შედგა სინგაპურში. მოლაპარაკებების შემდეგ ორმა ლიდერმა ხელი მოაწერა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების დეკლარაციას. გასულ კვირაში ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ვიზიტი მიზნად ისახავდა ორი ქვეყნის ლიდერების მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტებას.