„ომეგა ჯგუფი“: ბრიტანელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ჩანაწერების ავთენტურობა

„ომეგა ჯგუფის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის საექსპერტო ბიურომ აუდიოჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა. კერძოდ, ლონდონში გაგზავნილი იყო აუდიოჩანაწერების ორი ეპიზოდი:

  • ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარი, რომელშიც ჩუბინიშვილი ყვება სიგარეტის თითოეული კოლოფიდან პარტიისთვის („ქართული ოცნებისთვის“) გადახდილ 2,5 თეთრზე და 2017 წლის არჩევნების წინა პერიოდში „ქართული ოცნებისთვის“ გადახდილ შავ ფულზე.
  • ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარი, როდესაც ჩუბინიშვილი ყვება, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრის შედეგად, „თბილისის თამბაქოს“ მოეხსნა 26 მილიონი ლარის საგადასახადო ვალდებულება.

„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის ლევან აღდგომელაშვილის განმარტებით, ექსპერტიზის შედეგები კომპანიამ 9 ოქტომბერს მიიღო და დასკვნის მიხედვით, სრულად დგინდება ჩანაწერების ნამდვილობა.

„პირველ ფაილზე გაკეთებული დასკვნით დგინდება, რომ აუდიოფაილის თითოეული ეპიზოდი უწყვეტი ჩაწერით მიღებული პირველწყაროდან არის აღებული; საკვლევი ფაილის თითოეული ეპიზოდის თანმიმდევრობა დარღვეული არ არის და რომ ეპიზოდების გადაბმის ადგილებში სიტყვები არ წყდება. ამით ცალსახად დგინდება ხსენებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა“, - აცხადებს ლევან აღდგომელაშვილი და იმავე შინაარსის კომენტარს აკეთებს მეორე ფაილთან დაკავშირებითაც.

ბრიტანეთის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შინაარსი არ გაჰკვირვებია ოპოზიციას. მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ საუბრების შინაარსიდან და ქვეყანაში არსებული რეალობიდან გამომდინარე, ისედაც ცხადი იყო, რომ აუდიოჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდებოდა. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს, „ჩანაწერებით ომს“, ჰგავს და გასარკვევია, რამდენად დამაჯერებლად შეიძლება ჩაითვალოს ბრიტანეთში ჩატარებული ექსპერტიზა.

ლონდონიდან მიღებული დასკვნის გამოქვეყნებამდე, 9 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და გამოაცხადა, რომ არ დადასტურდა ლონდონში მათ მიერ გაგზავნილი აუდიოჩანაწერების ავთენტურობა.

აუდიომასალა, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა ბრიტანელ ექსპერტებს გაუგზავნა, ნამდვილად იყო დამონტაჟებული ამბობს „ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი. მისი განმარტებით, მასალა დიდი ზომის იყო, ის სრულად ეთერში ვერ გავიდოდა და ამიტომ „იბერიის“ ვებგვერდზე დამონტაჟებული მასალა განთავსდა. ზაზა ხატიაშვილმა კი, აღდგომელაშვილის თქმით, ბრიტანულ საექსპერტო ბიუროს ტელეკომპანიის ვებსაიტიდან ჩამოტვირთული ჩანაწერი გაუგზავნა და ის მართლაც დამონტაჟებული იყო.

იმ აუდიოჩანაწერების ავთენტურობას, რომლებიც ბოლო დროს „რუსთავი 2“-ის ეთერში ვრცელდებოდა, თავიდანვე ადასტურებდა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი. თუმცა ის არ ადასტურებს, რომ მედიასაშუალებას ეს ჩანაწერები თავად გადასცა.