ციხელაშვილი: მაია ოთინაშვილის გათავისუფლება 24 საათიანი მუშაობის შედეგია

ქეთევან ციხელაშვილი და მაია ოთინაშვილი. ხურვალეთი, 2018 წლის 9 ოქტომბერი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურები 24 საათიანი რეჟიმით მუშაობდნენ, რათა მიეღწიათ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის გათავისუფლებისთვის. ციხელაშვილმა, რომელიც სოფელ ხურვალეთში, ოთინაშვილის ოჯახში იმყოფებოდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სახელმწიფომ მოახდინა ყველა ფორმალური და არაფორმალური მექანიზმის მობილიზება. „ნებისმიერი მსგავსი უკანონობის და უსამართლობისას მთავარი, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ არის ის, რომ ადამიანი გათავისუფლდეს უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მალე, მაგრამ ზოგადად, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ სამართლებრივი ჩარჩოდან და ჰუმანურობის პრინციპიდან ამოვარდნილი ასეთი ფაქტები საერთოდ არ ხდებოდეს“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.