არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან ირაკლი კობახიძის განცხადებას

არასამთავრობო ორგანიზაციები წერილით ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავად არის ფაშიზმის თანამონაწილე და სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შორისაც არიან“.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 8 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა პარტიის აღმასრულებელი მდივნის სტატუსით, რაც მათ აფიქრებინებს, რომ მისი მოსაზრებები პარტიის მიერ განხილული და გაზიარებულია, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს საკითხის სიმწვავეს:

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მსგავსი რიტორიკა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაძლიერდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის და იმ განცხადების საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტებს და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ეხებოდა. ამ ფაქტებზე სისტემური და სამართლებრივი რეაგირების ნაცვლად, ფაქტობრივად ყოველდღე, მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი, საზოგადოებას სთავაზობს ყურადღების გადატანას პრობლემის შინაარსიდან კრიტიკის ავტორებზე, რითიც ცდილობს დღის წესრიგიდან მოხსნას მთავარი და საკვანძო პრობლემები. გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო რეჟიმში, რაც თავის მხრივ აძლიერებს საზოგადოების პოლარიზების და საკითხების პოლიტიკური მანიპულაციების მიზნით გამოყენების რისკებს. ამ პირობებში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საარჩევნო გარემოზე დამკვირვებელი ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას, მათი საქმიანობის უსაფუძვლო და მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან დაცვას ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან“, - წერენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

განცხადების ხელმომწერნი მიიჩნევენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დღეების განცხადებები, უმთავრესად, ემსახურება სწორედ საარჩევნო საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დელეგიტიმაციას და საზოგადოების, ისევე როგორც არჩევნებზე დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციების თვალში, მათი შეფასებების დისკრედიტაციას: „მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტიის სხვა სპიკერებს, უზრუნველყონ მშვიდი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობა ქვეყანაში და საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებებით ხელი არ შეუშალონ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მუშაობას; გამოიყენონ მათ ხელთ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტები და მოითხოვონ კორუფციის, არაფორმალური მმართველობის თუ დაუსჯელობის სავარაუდო ფაქტებზე დროული რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC); „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI); „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“(PHR); „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“(ISFED) და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI).