სექსუალურ ორიენტაციაზე და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული ძალადობის და დისკრიმინაციის მკვლევარი, გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი აღნიშნავს საქართველოს მთავრობის ინიციატივას ებრძოლოს ლგბტ პირთა დისკრიმინაციას - თუმცა იქვე გამოხატავს შეშფოთებას, რომ ამ ზომების გატარება არ პასუხობს მწვავე აუცილებლობას. მადრიგალ-ბორლოზის თქმით, ხშირია ცემის შემთხვევები, გამუდმებით ხდება ზეწოლა და დაშინება და ასევე გავრცელებულია ოჯახიდან, განათლების სისტემიდან, სამუშაო ადგილებიდან და ჯანდაცვის სისტემიდან გარიყვის შემთხვევები. „იმ ქართველების უმრავლესობა, რომლებიც გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი ან ტრანსსექსუალია, დილემების წინაშე დგას: ქვეყანა დატოვონ, თუ დარჩნენ და ორიდან ერთი გზა აირჩიონ, ღიად გამოხატონ თავიანთი თავი და ამით გარდაუვალი ძალადობის და დისკრიმინაციის მსხვერპლნი გახდნენ, თუ დამალონ თავიანთი იდენტობის ეს მნიშვნელოვანი ასპექტი და სიცრუის სამყაროში გააგრძელონ ცხოვრება“, - ამბობს ექსპერტი.
Your browser doesn’t support HTML5
„ბოლო წლებში, მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რათა გამოსწორდეს ლგბტ ადამიანების სიტუაცია - იმ ადამიანების, რომლებიც საქართველოში ყველაზე დისკრიმინირებულ და მოწყვლად თემებს შორის არიან“, - აცხადებს ექსპერტი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 11-დღიანი ვიზიტის შემდეგ. გაეროს განცხადების თანახმად, ვიზიტის დროს ექსპერტი შეხვდა ბევრი ჯგუფის წარმომადგენლებს, მთავრობიდან, რელიგიური ინსტიტუტებიდან და საკუთრივ ლგბტ თემიდან. განცხადებაში მოტანილია მისი ერთ-ერთი რესპონდენტის, ქართველი გეი მამაკაცის სიტყვები - „ზოგი გვეუბნება, დადებით ცვლილებას 30 წელი დასჭირდებაო. მაგრამ მე 34 წლისა ვარ. კიდევ 30 წელი ვერ დავიცდი თავისუფლების მოსაპოვებლად!“