"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და GDI: "IBSU-ს ქონებასა და წილებზე შეზღუდვა უსაფუძვლოა"

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) თვლიან, რომ "„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ქონებასა და წილებზე არსებული შეზღუდვა უსაფუძვლოა და უნდა მოიხსნას, ხოლო უნივერსიტეტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავისუფლად გაასხვისოს/განკარგოს მისი საკუთრება“.

„სახელმწიფო „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ“ - ამ სათაურით აქვეყნებს განცხადებას ორი არასამთავრობო ორგანიზაცია. განცხადება ეხება უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც „საზოგადოებაში ეჭვებს აჩენს, რომ აღნიშნული ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულია. ეს პროცესი შეიძლება დახასიათდეს, როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის წინასწარ შეთანხმებული და კოორდინირებული ქმედებები, რომელთა მიზანს უნივერსიტეტის მათთვის ხელსაყრელ პირებზე გასხვისება წარმოადგენს“. არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეისწავლეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხრიდან „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ (IBSU) მიმართ „შესაძლო არამართლზომიერი ქმედებები“.

ვრცელ ტექსტში ქრონოლოგიურად არის აღწერილი სხვადასხვა უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მათი საფუძვლები. განცხადების ავტორები მათ შორის ასკვნიან, რომ: „შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ქონებაზე, მისი დამფუძნებლებისა თუ დამფუძნებელთა პარტნიორების წილებზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოყენების აბსურდულობა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტის მიმართ მიზანმიმართულ ქმედებებში სასამართლო ხელისუფლებაც აქტიურადაა ჩართული“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და GDI-ს ერთობლივ განცხადებაში ლაპარაკია ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებაზეც: „ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება 1 წლის ვადით შეუზღუდა, საფუძვლად კი მიეთითა სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანება და მთლიან ქონებაზე ყადაღის არსებობა. საბჭომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამ საკითხზე დავა დღემდე სასამართლოში მიმდინარეობს. ამასთან, უნივერსიტეტმა სადავო თანხა საკუთარი ინიციატივით, წინსწრებით, მთლიანად შეიტანა სახელმწიფო ბიუჯეტში ყველანაირი რისკის თავიდან ასაცილებლად“. განცხადების ავტორები ასკვნიან, რომ „„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ საკუთრების განკარგვა კანონიერი საფუძვლის გარეშე ეზღუდება. შემოსავლების სამსახურის მიერ ყადაღის უსაფუძვლო მოთხოვნის, სასამართლოს დაუსაბუთებელი განჩინებისა და საჯარო რეესტრის მხრიდან კანონით დადგენილი პროცედურული წესების დარღვევის არსებობის პირობებში, ჩნდება ეჭვი, რომ არსებობდა სახელმწიფოს ინტერესი, ერთი მხრივ, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებელი კომპანიის პარტნიორებს ვერ გაესხვისებინათ კომპანიის წილი, ხოლო, მეორე მხრივ, ხელი შეშლოდა უნივერსიტეტის ნორმალურ ფუნქციონირებას“.