„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით 13 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

13 არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული მმართველობის სისტემის კრიზისის მახასიათებლებზე აკეთებს აქცენტს

13 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ისინი წერენ, რომ არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი გამოიწვია: „ვეხმაურებით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რაც ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებსა და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს. მიგვაჩნია, რომ გავლენიანი ჯგუფის მიერ საჯარო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარება და მათი გამოყენება ჯგუფის ვიწრო მიზნების მისაღწევად საჯარო ინსტიტუტების მოშლას იწვევს“.

ერთობლივი წერილის ხელმომწერები აცხადებენ, რომ ბოლო წლების გამოცდილების მიხედვით, არაერთ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ. მათივე თქმით, მმართველობის ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურების პარალელური არსებობა ძირს უთხრის დემოკრატიული ანგარიშვალდებულების სისტემას, შინაარსს აცლის ფორმალური ძალაუფლების მქონე პირების პასუხისმგებლობას და იწვევს პოლიტიკური სისტემის მიმართ მოქალაქეების გაუცხოებას: „წარსულში ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების აღმოფხვრისა და „სამართლიანობის აღდგენის“ ლოზუნგით მოსულმა ხელისუფლებამ, ვერ აჩვენა ამ პრობლემების გადაჭრის და არსებითად განსხვავებული, უფრო დემოკრატიული სისტემის შექმნის პოლიტიკური ნება“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

13 არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული მმართველობის სისტემის კრიზისის მახასიათებლებზე აკეთებს აქცენტს:

  • კლანური მმართველობა სასამართლოში, რის შედეგადაც სასამართლო ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის დაცვას და ხშირ შემთხვევაში მმართველი ჯგუფის ინტერესებს ემსახურება;
  • სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზება, რაც შეუძლებელს ხდის მმართველი ჯგუფის წევრების ან მათთან დაახლოებული პირების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების, მათ შორის კორუფციული დანაშაულების, მიუკერძოებელ გამოძიებას;
  • პარლამენტის, როგორც პოლიტიკური ცენტრის, სისუსტე და საპარლამენტო პროცესის უბრალო ფორმალობად ქცევა;
  • ვიწრო ჯგუფის მიერ საჯარო რესურსების მითვისება მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მმართველი ჯგუფის ბოლოდროინდელმა კომენტარებმა აჩვენა, რომ კრიზისიდან გამოსავლის და ზემოჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიების ნაცვლად, პარტია ცდილობს აიცილოს პასუხისმგებლობა და არ აპირებს რეაგირება მოახდინოს შექმნილ ვითარებაზე.

ამ ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ უყურადღებოდ არ დატოვოს ზემოჩამოთვლილი პრობლემები და მოითხოვოს ადეკვატური პასუხი და რეაგირება ხელისუფლების მხრიდან.