ზაზა სარალიძე "ქართული ოცნების" ოფისში არ შეუშვეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს პოლიციელებმა არ მისცეს შესვლის უფლება „ქართული ოცნების“ ოფისში, სადაც შეხვედრას მართავდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ზაზა სარალიძის პროტესტი გამოიწვია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებამ, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედია გადაიქცა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ და ორკესტრირებულ საპროტესტო ტალღად. სარალიძემ კალაძის განცხადებას უნამუსობა უწოდა.

„ამდენი შვილის მამაა, უნამუსოდ რატომ იქცევიან და ასე უნამუსო განაცხადებს რატომ აკეთებენ, ვერ ვხვდები. არ მაქვს მე ჩემი მოკლული შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნის უფლება? რა შუაშია აქ „ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტები“ და „გირჩი“. ნებისმიერთან მივალ დასახმარებლად, ფაქტია მიკეტავენ გზას. განმარტებას ვერაფერს ვიღებ, რა ბრძანება აქვთ ისიც არ ვიცი. იციან, რომ პოლიციელებს წინააღმდეგობას არ გავუწევ და მიკეტავენ გზას“ - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ. მან კიდევ ერთხელ მოითხოვა, რომ მთავარმა პროკურორმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხისგებაში მისცენ არა მხოლოდ მკვლელები, არამედ საქმის გამფუჭებელი პროკურორები და გამომძიებლები.