სახალხო დამცველმა დაიწყო ზაზა სარალიძის მიმართ სამართალდამცავთა ქმედებების შესწავლა

სახალხო დამცველის პირველადი შეფასებით, სამართალდამცავების მიერ ზაზა სარალიძის ავტომანქანის ჩხრეკისას იკვეთება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ნიშნები. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის შესწავლა დაიწყო და შსს-ს მიმართა. „ვფიქრობ, რომ მძიმე შემთხვევა იყო სამართლებრივი თვალსაზრისით. გავრცელდა ვიდეოკადრები, როდესაც პოლიცია ახდენს ავტომობილიდან გარკვეული ნივთების ამოღებას და ჩამორთმევას. ვფიქრობთ, რომ აქ ადგილი აქვს პირად სივრცეში შეჭრას. ჩვენ ვერ დავინახეთ სამართლებრივი საფუძვლები და განმარტებები თუ რა საპროცესო ქმედება განახორციელა ამ შემთხვევაში პოლიციამ. არ მინდა გავაკეთო ნაჩქარევი დასკვნები, თუმცა პირველადი შეფასებით, რაც ჩვენ ვნახეთ, ვფიქრობთ, რომ იკვეთება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ნიშნები, თუმცა ცხადია, დაველოდებით შსს-ს ოფიციალურ განმარტებებს” - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება იმას, რომ პოლიციამ ზაზა სარალიძეს არ მისცა პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება, სახალხო დამცველის განმარტებით, გამოხატვის თავისუფლების კანონმდებლობით არ იკრძალება კარვების გაშლა ისეთ ადგილებში, სადაც არ უქმნის პრობლემას ტრანსპორტის გადადგილებას, ან არ ბლოკავს შენობების შესასვლელს და ა.შ. „შესაბამისად, მშვიდობიან აქციაზე, ისეთ ვითარებაში, რაც არ უქმნის სხვებს გადადგილების პრობლემას, კარვების გაშლა დასაშვებია და ვფიქრობთ, რომ ამის შეზღუდვა წარმოადგენს თავისუფლებაში ჩარევის ფაქტს" - განაცხადა ლომჯარიამ. მან სამართალდამცავებს და პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართა, მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე და მათი გამოხატვის თავისუფლება არ გასცდეს მშვიდობიან ფარგლებს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს 26 სექტემბერს, სამართალდამცავებმა არ მისცეს პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის უფლება. ზაზა სარალიძის ინფორმაციით, პოლიციელებმა მისი ავტომანქანიდან წაიღეს კარავი, ბალიშები და პლედები. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ ორი პირი დააკავა.