პროკურატურა გამოსაკითხად იბარებს ზაზა ოქუაშვილსა და ირაკლი ჩუბინიშვილს

მთავარი პროკურატურა

თბილისის პროკურატურაში გამოსაკითხად დაბარებულია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომელიც მისი ადვოკატის განცხადებით, იმყოფება დიდ ბრიტანეთში და მიმდინარე თვის ბოლოს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში. საზღვარგარეთ იმყოფება „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილიც, რომელიც მოწმის სახით დაიკითხება ქვეყანაში დაბრუნებისთანავე. სავარაუდოდ, ეს ორი პირიც ფიგურირებს მედიით გავრცელებულ ფარულ აუდიჩონაწერებში, რომელთა გამო თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 12 სექტემბერს.

„გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება. ამ ეტაპზე სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილი აუდიჩანაწერების ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე, მიმდინარეობს ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირების გამოკითხვის პროცესი”, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

თბილისის პროკურატურამ გამოკითხვის მიზნით, 2018 წლის 25 სექტემბერს გამოიძახა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სამი კომპანიის დირექტორებიც, თუმცა მათი ადვოკატის ცნობით, აღნიშნული პირები უწყებაში მითითებულ დროს ვერ მივიდოდნენ და საგამოძიებო ორგანოში 2018 წლის 27 სექტემბერს გამოცხადდებიან.