ევროკავშირი აპირებს შექმნას სპეციალური საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს ირანთან ფინანსურ ოპერაციებს აშშ-ის მიერ თეირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლით. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ გადაწყვეტილება გამოაცხადა ნიუ-იორკში, სადაც შეხვდა ირანთან „ბირთვული გარიგების“ მონაწილე ქვეყნების - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ჩინეთის და ირანის წარმომადგენლებს. თეირანთან 2015 წელს მიღწეული შეთანხმება, რომელმაც სათავე დაუდო ბირთვული პროგრამის შეწყვეტის სანაცვლოდ ირანისთვის საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების მოხსნას, 2018 წლის მაისში დატოვა აშშ-მა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი დაადანაშაულა შეთანხმების პირობების დარღვევაში, თეირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა და სანქციებით დაემუქრა ქვეყნებს, რომლებსაც ირანთან ექნებათ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი მიიჩნევენ, რომ ირანი შეთანხმების პირობებს იცავს.
ნიუ-იორკში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუჰამედ ჯავად ზარიფთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები შექმნიან იურიდიულ პირს, რომელიც ხელს შეუწყობს თეირანთან კანონიერ ფინანსურ ოპერაციებს და ევროპულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა ირანთან ურთიერთობები განაგრძონ ევროკავშირის კანონმდებლობის საფუძველზე. მოგერინის თქმით, ეს გეგმა მიმართულია „ბირთვული გარიგების“ შენარჩუნებისკენ, რაც საერთაშორისო ინტერესებს პასუხობს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებითვე, აშშ-ის სანქციების მიუხედავად ირანი განაგრძობს შეთანხმების პირობების შესრულებას. ეს პოზიცია სპეციალური განცხადებით დაადასტურეს დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა. ისინი შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ ირანიდან ნავთობის და გაზის ექსპორტს და დაიცავენ კომპანიებს, რომლებსაც თეირანთან აქვთ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები.
24 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ შვედურმა „ვოლვომ“ შეწყვიტა ირანში სატვირთო ავტომანქანების აწყობა, რადგან აშშ-ის მიერ ირანული ბანკებისთვის დაწესებული სანქციების გამო გადარიცხვებს ვეღარ აწარმოებს. მანამდე ამერიკული სანქციების საფრთხის გამო, ირანში ფინანსური ოპერაციები შეაჩერეს სხვა ევროპულმა კომპანიებმაც, მათ შორის ენერგოგიგანტმა „ტოტალმა“ და ავტომწარმოებლებმა „პეჟომ,“ „რენომ“ და „დაიმლერმა.“